Sunday, January 27, 2013

ჭონა და აღდგომის მახარებლები (ტრადიცია მესხეთში)


ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა და სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და ლოცავდა – ამას ჭონაობას უწოდებდნენ. მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ ხალხს.
ჭონაობა ყველა კუთხეში განსხვავებულად იცოდნენ. მესხეთში მეჭონეები სალამურზე უკრავდნენ, სოფლის გოგო-ბიჭები კი ამ დროს ცეკვა-თამაშს, ჭიდაობას მართავდნენ. მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:
„ჭონას დავალთ მადლობითა, ღმერთი თქვენის წყალობითა,
ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,
ლიტანიას შემოვუვლით სამთელ კელაპტარებითა,
გარდამოხსნას დასცქერიხართ თქვენი კეთილ თვალებითა“.
როცა სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ და ისევ აგრძელებდნენ:
„ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა,
ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგვცემს ბარაქასა“.
ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ. ახლა იქიდან ჩაუშვებდნენ კალათას და ოჯახის უფროსს ასე მიმართავდნენ:
„ჩიტი ღობეზე შემოჯდა, იძახდა ქიშმიშობასა,
ღმერთმა დაგასწროთ აღდგომა ქრისტეშობასაო“.

No comments:

Post a Comment