Sunday, January 27, 2013

სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია (ხევსურეთი)




სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია (ხევსურეთი)
(stumar-maspindzlobis tradicia – xevsureti)
სტუმარ-მასპინძლობის ადათი ხევსურეთში დღესაც დაცულია და სტუმარსაც პატივისცემით იღებენ. შატილში სტუმარი ჯერ მიდის ”საფეხვნოში” (სასაუბრო), რომელიც სოფლის მისავალშია გამართული, და იქ დაიცდის. შემდეგ მასთან მასპინძელი მივა და თავის ოჯახში დაიწვევს.
ეს საფეხნო ქვა-ყორით ნაგები დაბაზი და ზედ სიპით არის დახურული. საფეხნო წინ ღიაა და შიგ ქვის სკამებია გამართული. შუაში ძევს ხიმუნი, რომელშიაც ტყავი იძილება. საფეხნოში მხოლოდ მამაკაცები იკრიბებიან და დედაკაცს იქ მისვლა არ შეუძლია. შესავლაში, საფეხნოს თავში, უფორსებისა და ხატის მსახურთა სკამია გამართული; შატილიელები აქ იკიბებიან კვირა-უქმეებში, საქმობენ და თან საუბრობენ; ზოგი მუშას გრეხავს, ზოგი ტყავს ზელავს და სხვა; სასოფლო და რჯულის საქმეებიც აქ ირჩევა. საქმის დღეებში კი დილით იკრიბებიან საქმეზე წასვლის წინ და საღამოთი, როცა სამუშაოდან ბრუნდებიან.
სტუმარსაც პირველად საფეხნოში მიიღებენ და აქ ერთმანეთს მოიკითხავენ. სტუმარი ოჯახში ხელცარიელი ვერ მივა, მას მიაქვს სასმელად არაყი ან ლუდი. სტუმარს ყველანი ფეხზე უდგებიან და კარგად უმასპინძლდებიან. საპატიო სტუმარს მასპინძელი ზოგჯერ ცალ მუხლზე დაჩოქილი ემსახურება. სტუმრის შეურაცხყოფა ან დაკეჭნა არ შეიძლება და ამზე სამაგიერო პასუხი მასპინძელს მოეთხოვება.
ოჯახში შემოსულ სტუმარს მასპინძელი ასე მიესალემება: ”მაგვიხვე მშვიდობით!” სტუმარი პასუხობს ”დამხვდით მშვიდობით! აშენდით! სრუ მუდამ ლხინზედა, მშვიდობაზედამც შეიყრებით”-ო.

საქორწილო ტრადიციები ძველ საქართველოში



საქორწილო ტრადიციები ძველ საქართველოში
(saqorwilo tradiciebi dzvel saqartveloshi)
ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში. ქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.
ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა: დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.
დაკვლევა-გარიგების ტრადიცია ძველთაგანვე ჩამოყალიბებულა. ქალების დაკვლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში, სამგლოვიარო ცერემონიალზე, ყანის მკისა და პურის ლეწვისას, წყაროდან წყლის მოტანისას… ეს ქალ-ვაჟთა ურთიერთ მოწონების უშუალო პროცესი გახლდათ. ამის პარალელურად არსებობდა გარიგება, როცა წინამძღვარი, ანუ მაჭანკალი, აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს. მაჭანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთის ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ჯიშ-ჯილაგს, ქალის მზითევის რაობას და ა.შ. აღნიშნული ტრადიცია ხალხური ლექსითაა გაკიცხული:
კაცი თუ ვარგა, ჯილაგი ნეტა რა საძებარია?
თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია.
აკვანში დანიშვნის ტრადიცია კი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები დანათესავების სურვილით ნიშნავდნენ უკვე მოზრდილ ბავშვებსაც. ეს ტრადიცია ზოგჯერ უკონფლიქტო ქორწინების საფუძველს ქმნიდა, მაგრამ იყო სისხლისღვრისა და პიროვნული ტრადიციების საბაბიც. გაზრდილი ქალ-ვაჟი ხშირად შეუძლებლად მიიჩნევდა მშობლების ნების აღსრულებას, რაც არასასურველი შედეგით მთავრდებოდა.
ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა, ხანჯალი, ყვავილი, ვაშლი, ქუდი და სხვ. ამასთან, რადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და შესაბამისად, ენერგიას მოითხოვდა, საპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.
ქორწინება სამეურნეო მნიშვნელობის საზოგადოებრივი აქტი იყო. ეთნოგრაფიული ლიტერატურის თანახმად, გვარის, ოჯახის გამაერთიანებლად ითვლებოდა კერის კულტი, კერა იყო მარადიული ცეცხლის სიმბოლო. ქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ ვაჟის სახლშიც და ქალთანაც. ცერემონიალი წარმართული ხანიდან მომდინარეობდა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. კერისა და შუა ცეცხლის გარშემო შემოტარებით მექორწინენი ასრულებდნენ მაგიურ ქმედებას, რომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.
ქართული საქორწილო რიტუალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმა. ამ ქმედებათა კვალი დღევანდელ სინამდვილეშიცაა ნაწილობრივ შემორჩენილი. საქორწილო ცერემონიალის ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენდა ასევე მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსამშვიდობებელი რიტუალური ტირილი.
ქორწილის ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა. დღეს კი ეს წესი არათუ შეცვლილი ფორმით, არამედ საერთოდ აღარ გვხვდება.
საქორწინო სიმღერათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს “მაყრული’”. მაყრები ნეფესაც ჰყავდა და დედოფალსაც. თამაშდებოდა პატარძლის დამალვა, ვაჟის მაყრების მიერ პატარძლის ჯერ მოძებნა, შემდეგ გამოსყიდვა. სიძის საცემრად ქალის მაყრების გაწევა, ნეფის გვირგვინის ტალახში ამოსვრის ცდა, ვაჟის მაყრების “აწიოკება” უძველესი საქორწილო რიტუალის ნაშთია, ხის ჯვარზე ასხმული ვაშლების მსგავსად, რაც აყვავებას გულისხმობდა. სასიძო გამოიცდებოდა გონებამახვილობასა და სიბრძნეში. მრავალფეროვანია მაყრული სიმღერებიც.
მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლი. ის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახს, შემდეგ კი ვაჟის სახლში მიდის. მახარობელს საჩუქარი სჭირდება.
პატარძალს კარგი ფეხი უნდა ჰქონდეს და ახალ ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს. დამხვდურები კი მას ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ახალმა რძალმა გვარი უნდა გაამრავლოს.
იუმორი, სიცილი, სიმღერა, ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ქართული დალოცვა – სადღეგრძელოების მთავარი თემა კი ცხადია, ნეფე-პატარძალია. აქებენ მათ მშვენიერებას, ვაჟკაცობას, ზრდილობას, გონიერებას, უსურვებენ გამრავლებასა და ბედნიერებას.
ბუნებრივია, დღეს არც საქორწილო ცერემონიალია ისეთი, როგორც ძველ საქართველოში იყო და არც შესაბამისი საქორწილო პოეზია.

მეღვინეობის ტრადიცია საქართველოში



მეღვინეობის ტრადიცია საქართველოში
(megvineobis tradicia saqartveloshi)
მეღვინეობა არის კვების მრეწველობის დარგი, რომელიც ამზადებს ღვინოს, შამპანურს, კონიაკს, აგრეთვე ხილკენკრეულის ღვინოს. ღვინის დამზადება ყურძნის წვნის ან დურდოს ალკოჰოლური დუღილის მეშვეობით. მეღვინეობის ნედლეული საღვინე ვაზის ჯიშის თეთრი ან წითელი ყურძენია, რომელიც ტექნიკური სიმწიფის პერიოდში საკმაორაოდენობით შეიცავს ამა თუ იმ ტიპის ღვინის ფორმირება-ჩამოყალიბებისათვის საჭირო შაქრებს, მჟავებსა და ექსტრაქტის ცალკეულ კომპონენტებს. ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები. განსაკუთრებით საინტერესოა ალაზნის ველის სამაროვნების (ძვ. წ. I ათასწლეული) გათხრის შედეგად აღმოჩენილი კერამიკური ჭურჭელი, აგრეთვე მცხეთის მახლობლად (ბაგინეთში) ნაპოცნი ჭურჭელი, რომელიც ძვ. წ. IV-III ათასწლეულით თარიღდება, და ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე ვანში აღმოჩენილი ქვევრებიანი სარდაფი (ძვ. წ. III-II სს.) . ბორჯომის რაიონის სოფ. ჭობისხევში ნაპოვნ მიწით დაფარულ მარანში იყო 11 ქვევრი, ვარძიაში აღმოაჩინეს ასამდე ქვევრი, რომელთა შორის ერთი იყო ორმაგკედლიანი. თერმოსის მსგავსი. სავარაუდოა, რომ ამგვარი ქვევრი ღვინის თერმული დამუშავებისათვის იყო განკუთვნილი, უმთავრესად ნახევრად ტკბილი, შუშხუნა ღვინოების მისაღებად. ძველ საქართველოში ყურძენს ქვის ან ხის საწნახლებში ფეხით ჭყლეტდნენ, შემდეგ ქვევრებში მთლიანად ან ჭაჭის ნაწილზე დაადუღებდნენ. ღვინო გადაჰქონდათ ტიკებითა და რუმბებით, ინახავდნენ ქვევრებში.

სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები ხევში



სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები ხევში
(stumar-maspindzlobis tradiciebi xevshi)
სტუმარ-მასპინძლობა ეთნოგრაფიული თემატიკიდან ყოფის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის დღემდე ცოცხლად მოქმედი, თუმცა ახალი ეპოქის მოთხოვნილების შედეგად ტრანსფორმირებული წესი.
მოხევეთა ცხოვრებაში, ისევე როგორც ზოგადად ქართველ ხალხში, პიროვნების პირადი ღირსებისა და ოჯახის თუ გვარ-შთამომავლობის ავტორიტეტის შექმნილ ფაქტორებს შორის სტუმართმოყვარეობასაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. “სტუმარშინშეუყვანელი” კაცი ხალხის თვალში დამცირებული იყო და ეს თვისება სასაყვედუროდ ითვლებოდა.
სტუმართმოყვარეობა, როგორც ადამიანის ღირსების ერთ-ერთი გამოხატულება, მოითხოვდა მოქმედი ეტიკეტის დაცვას, სტუმრისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას. ამაში იგულისხმებოდა საუკეთესო საჭმელ-სასმელის მირთმევა, გართობა, დაძინება, იარაღის საიდუმლოდ შენახვა და ცხენის კვება. სტუმრის მიერ რაიმე საქმის გაკეთება ან მასპინძლის მაგივრად მისი სადმე გაგზავნა დაუშვებელი იყო. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა სტუმრად ყოფნის ხანგრძლივობას და არც სტუმრის ვინაობას. ის მასპინძლის მეგობარიც რომ ყოფილიყო, საოჯახო საქმეში მისი ჩართვა სტუმარ-მასპინძლობის ნორმების დარღვევად ითვლებოდა.
ხევში დღემდე შენარჩუნებული ჩვეულების მიხედვით ოჯახში მომსვლელი მეზობელი, თუ სხვა სოფლის ან კუთხის მკვიდრი, რომელიმე მამაკაცის სახელს დაიძახებს. უმამაკაცო ოჯახშიც კი მიუღებელია ქალის სახელის დაძახება. ის, რაც დღემდე სრულდება და უშუალო დაკვირვებით შეიძლება აღვიქვათ, კიდევ უფრო მტკიცედ დაცული იყო წარსულში.
ტრადიციულად უფრო მიღებული იყო ოჯახის უფროსის სახელის შეკივლება ან ბავშვის შეგზავნა.
სტუმრების მიღება ოჯახის უფროსის ფუნქციას შეადგენდა, ხოლო სამყოფოში (სახლის მთავარ განყოფილებაში), სადაც კერა იყო მოწყობილი, მისალმება-მოკითხვების უფლებით სარგებლობდა რძლებს შორის უფროსი დიასახლისიც. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ასეთი სიტუაცია დამახასიათებელი იყო დიდი ოჯახისათვის, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა.
მცირერიცხოვან ოჯახში სტუმრის მიღებასა ზემოხსენებული წესის დაცვით სრულდებოდა და მიმღების როლში ოჯახის უფროსი ფიგურირებდა. ასეთ ოჯახში მისულ სტუმარს აუცილებლად შემოეგებებოდა ოჯახის უფროსი, სახლში შეიყვანდა, სკამზე დაჯდომას შესთავაზებდა.
სტუმარს მასპინძელი ხონჩასთან მიიწვევდა. ხონჩა ერქვა მცირე ზომის სამფეხა მაგიდას — სუფრას, რაც გამოიყენებოდა როგორც ოჯახის წევრის, ისე სტუმრის დასაპურებლად.
მოხევეები მასპინძლის მოვალეობას იმის ღრმა რწმენით ასრულებდნენ, რომ “სტუმარი ღვთისაა”, ხოლო მასპინძელი მარტოოდენ ერთი ოჯახი კი არაა, არამედ ყველა ნათესავი და მეზობელი, მთელი სოფელი. ბავშვობიდანვე ამ შეგნებით შთაგონებული მოხევე თავს ვალდებულად თვლიდა სოფელში მოსული უცხო კაცისთვის მისალმებისთანავე მასპინძლობა შეეთავაზებინა.
სტუმრის მიღება და დაცვა, უწმინდეს საზოგადოებრივ მოვალეობად ითვლებოდა. მასპინძელს სტუმრის შენახვა ისეთ ვითარებაშიც ევალებოდა, როდესაც უკანასკნელი დევნილი იყო მოსისხლე მტრის ან დამსჯელი ორგანოებისაგან.
სტუმრად მყოფი კაცი მასპინძლის სანათესაოს მტერიც რომ აღმოჩენილიყო, სახლიდან მშვიდობიანად უნდა გაეცილებინა.
ხევის მცხოვრებთათვის დაუშვებელი იყო თემიდან მოკვეთილის სტუმრად მიღება.

სვანური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები




სვანური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები
(svanuri tradiciebi da wes – chveulebebi)
სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა საქართველოში, სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით განთქმული მასპინძლებით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მათ შესახებ წერს: “სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ: ფლობენ ისინი ირგვლივ (ყველაფერს) და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები…“. სვანეთში დღემდე შენარჩუნებულია ძირძველი ტრადიციებისა და სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებები და დიდი ადგილი უკავია სვანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება მითი არგონავტების შესახებ. სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ოქროს ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ. სვანების მიერ ოქროს მოპოვების შესახებ იცოდნენ ბერძენმა და რომაელმა მწერლებმა. არგონავტებიც ოქროს საწმისის – ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სვანეთი. კოლხეთის სამეფოს და მეფე აიეტს ოქრო სვანეთიდან მიეწოდებოდა. აქ დღესაც დასტურდება ოქროს მოპოვების ხალხური წესები.
მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს სვანეთში – მახვშს უწოდებდნენ. მას საერთო კრება ირჩევდა. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით. ის ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი იყო. დამნაშავეს მახვში კიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვში უძღვებოდა ხევის ყრილობას, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეებს თემიდან და სახლ-კარს გადაუწვავდა. უმძიმესი დანაშაულისას, მაგ. თემის ღალატისას, ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოჰქონდა.
ყოველგვარ სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავდნენ მსაჯულები, რომლებსაც სვანეთში “მორვებს” უწოდებდნენ. მათ ირჩევდნენ ორივე მოდავე მხარედან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით უსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.
ერთ-ერთი ასევე ძველისძველი ტრადიციაა: “სისხლის აღება”. სვანები თავისიანის სისხლს არავის შეარჩენენ, ისინი მკვლელის გვარიდან იმდენ ადამიანს კლავენ რამდენიც მათ მოუკლეს თავისი გვარიდან და ამით ანგარიშს ასწორებენ.
ლამპრობა, სვანეთის ადრე საგაზაფხულო დღესასწაულია. სვანები “ლამპრებს” არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, “ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ. ლამპრობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.
ზამთარში გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს კიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა.
დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. ჰორიეშმაო იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ.
გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩააგდებდნენ და უფალს ევედრებოდნენ კარგ წვიმას. ზოგ თემში სოფლის კაცები ეკლესიიდან იესოსა და ღვთისმშობლის ხატებს გამოაბრძანებდნენ, მდინარეზე ჩაიტანდნენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გაავდარებას. სოფ. ლენჯერში ამჟამადაც ტარდება ელიას დღესასწაული, რომლის დროსაც წმინდა ელიას ხატს შესთხოვენ გაავდრებას.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში ქალი ყოველთვის მამაკაცის გვერდით იდგა და მუშაობდა. შემთხვევითი არაა, რომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს.

ასპინძის – დღესასწაულები და ადათ–წესები

ასპინძის – დღესასწაულები და ადათ–წესები
(aspindzis – dgesaswaulebi da adat-wesebi)
საქართველოს ძირძველი კუთხის, მესხეთის ამ პატარა რაიონში დიდი ადგილი უჭირავს კუთხურ ტრადიციებს, ადათ – წესებს, რომელთა შორის გამოირჩევა სტუმართმოყვარეობა, მშობლის პატივისცემა, ქალისადმი თაყვანისცემა, მოხუცისადმი მოკრძალება , თანადგომა შრომაში, ჭირსა და ლხინში.
ტრადიციებით მდიდარ ამ კუთხეში ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას იმართება სახალხო დღესასწაული _ „შოთაობა,“ რუსთაველის მშობლიურ სოფელ რუსთავში. ამ დღესასწაულს საფუძველი ჩაეყარა 1966 წელს. ამ ღონისძიებას ორგანიზებას უკეთებს დაბის მუნიციპალიტეტი.
ეს დღესასწაული ნამდვილი პოეზიის დღეობაა. ამ დროს სოფ. რუსთავში იკრიბებიან საქართველოს ყველა კუთხიდან სახალხო მთქმელები, ცნობილი პოეტები და მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მთარგმელები, უცხოელი სტუმრები.
„შოთაობა“ სახალხო დღესასწაულისათვის დამახასიათებელი ყოველი წესის დაცვით იმართება. ისმის ქართული ხალხური ჰანგები, კითხულობენ ლექსებს, ჩანახატებს. გაჩაღებულია ცეკვა .
რაიონის ყოველ სოფელს მოწყობილი აქვს საკუთარი „ფაცხები“, სადაც შემოდგომის ნობათთან ერთად გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები.
აქვე იმართება შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, დოღი, „საჯილდაო ქვა“ და მრავალი თამაში.
ასევე სახალხო დღესასწაულია „ასპინძობა“, რომელიც აღინიშნება ხან 27 ოქტომბერს(ეს ასპინძის რაიონად გამოცხადების დღეა 1939წ.), ხან 20 აპრილს ( ასპინძის ომის დღე).
„ასპინძობა“ ლამაზი და ხალისიანი დღესასწაულია, თუმცა მაშტაბურად ვერ უტოლდება „შოთაობას.“
როგორც საზოგადოდ ყველა ქართველი, მესხი კაციც, ერთგული დამცველია ადათ- წესების.
აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნათლობის ტრადიციას. ხშირად გვარი – გვარს, ოჯახი – ოჯახს ნათლავს და ეს გადადის თაობიდან თაობაზე. მათ შორის როლების შეცვლა არ შეიძლება.
ნათელ – მირონობა ჩვენში სისხლის ნათესაობაზე წინ დგას და მე-12 თაობამდე გრძელდება. ნათლიას უდიდეს პატივს სცემენ. ჩვენში ასეც კი იტყვიან: „ნათლია ბანზე რომ გადაივლის, ნათლიდედა შინ ფეხზე უნდა ადგესო“…
ასპინძაში წესია, რომ ახალი წლის პირველ დღეს ნათლული ძღვენით უნდა ეწვიოს ნათლიის ოჯახს და პირველი მათ უნდა მიულოცოს ბედნიერი წლის დადგომა. ეს ტრადიცია ძველია და დღესაც არ ღალატობენ.
წარსულში მტკიცედ იცავდნენ ქორწინების წმიდათა – წმიდა რიტუალს.
დღეს ყველაფერი შეიცვალა. ასპინძაში მოსახლეობის სიჭრელეა. აქ მესხების გვერდით ცხოვრობენ იმერლები, მთიულები, აჭარლები, სომხები და რუსები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ქორწინებისა და დაკრძალვის წეს – ჩვეულებაზე.
ასპინძაში დღეს ქორწინება ისევე მიმდინარეობს, როგორც საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში: ნახულობა, პირობის გამოტანა, ნიშნობა, ქორწილი. ეს ყველაფერი დღეს გათანამედროვებული სახითაა. ქორწილი დღესაც ლამაზი და ელფეროვანია.
ასპინძელი კაცი ხომ ცნობილია სტუ მართმოყვარეობით, საუკეთესო მასპინძლობით. ( ასპინძელი ხომ ლეგენდის მიხედვით მასპინძელს ნიშნავს).
თუ ძველად კარჩაკეტილი ცხოვრება იყო და სხვა კუთხესთან მოყვარეობა იშვიათობას წარმოადგენდა, დღესდღეობით თითქმის ყველა კუთხესთან და ერებთან აქვთ მესხებს მოყვრობა.
მესხებმა მიცვალებულის გაპატიოსნებაც ღირსეულად იციან, თუმცა ბევრი ცვლილებაა წინაპრებისაგან გადმოცემულ წეს-ჩვეულებაში.
მიცვალებულს მეექვსე დღეს კრძალავენ, ძირითადად საგვარეულო სამარხში. ჭირისუფალი 40 დღე მძიმე შავებით არის შემოსილი და წლამდე შავებით გლოვობს. ხოლო მამაკაცები 40 დღე წვერს ატარებენ.
დაკრძალვას მოჰყვება ქელეხი დიდი სუფრით, რაც ნამდვილად არ არის მისაღები და ლამაზი. ამ მავნე ჩვევამ ძლიერად მოიკიდა ფეხი და ჭირისუფალს მიცვალებულზე მეტად, ქელეხზე უწევს ზრუნვა. ამას მოჰყვება ხალხმრავალი ორმოცი, წლისთავი, ძვირფასად მოწყობილი საფლავი.
რამოდენიმე წელია, რაც ასპინძაში ეკლესია გახდა მოქმედი და გაჩნდა მრევლი. აღდგა წირვა-ლოცვის, ჯვრის წერის, ნათლობის, ზიარების ტრადიცია.

ჭონა და აღდგომის მახარებლები (ტრადიცია მესხეთში)


ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა და სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და ლოცავდა – ამას ჭონაობას უწოდებდნენ. მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ ხალხს.
ჭონაობა ყველა კუთხეში განსხვავებულად იცოდნენ. მესხეთში მეჭონეები სალამურზე უკრავდნენ, სოფლის გოგო-ბიჭები კი ამ დროს ცეკვა-თამაშს, ჭიდაობას მართავდნენ. მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:
„ჭონას დავალთ მადლობითა, ღმერთი თქვენის წყალობითა,
ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,
ლიტანიას შემოვუვლით სამთელ კელაპტარებითა,
გარდამოხსნას დასცქერიხართ თქვენი კეთილ თვალებითა“.
როცა სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ და ისევ აგრძელებდნენ:
„ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა,
ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგვცემს ბარაქასა“.
ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ. ახლა იქიდან ჩაუშვებდნენ კალათას და ოჯახის უფროსს ასე მიმართავდნენ:
„ჩიტი ღობეზე შემოჯდა, იძახდა ქიშმიშობასა,
ღმერთმა დაგასწროთ აღდგომა ქრისტეშობასაო“.

საქართველოო ლამაზო . . .

საქართველოო ლამაზო…. სხვა საქართველო სად არის
საქართველოო ლამაზო …. სხვა საქართველო სად არის …
(saqartvelo lamazo … sxva saqartvelo sad aris … )
ეს პატარა ქვეყანა მდიდარი და მრავაფეროვანი ტრადიციებით გამოირჩევა. თითოეული კუთხე, ეთნოგრაფიული ცხოვრების წესი, კულტურა თავისებურად დახვეწილი და გასხვავებულია. ამ გარემოებას ბუნების მრავალფეროვნებაც უწყობს ხელს, მთისა და ბარის სახესხვაობა განსაკუთრებით შესამჩნევია.
სამწუხაროდ დრომ თავისი გაიტანა და ბევრი ტრადიცია დავიწყებას მიეცა, ზოგი გადასხვაფერდა, სახე იცვალა, ბევრი კი დიდი რუდუნებით დღემდე მოვიტანეთ.
როგორი იყო გასული საუკუნის ეთნოგრაფიული საქართველო? – წარმოგიდგენთ ქ–ნ ნინო ბრაილაშვილის ჩანახატებს.
„საქართველო ძირითადად დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდიდან იწყება და მცირე კავკასიონამდე ვრცელდება , რომლის ნაწილსაც იგი მოიცავს; დასავლეთიდან მას შავი ზღვა ეკვრის, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი; სურამის ქედი მას შუაზე ჰყოფს. აღმოსავლეთ ნაწილში ჰავა კონტინენტურია, დასავლეთში –ზღვისა, ზოგან კი–სუბტროპიკული. ასევე განირჩევა ერთმანეთისგან მდინარეთა ხეობებში დასახლებული სხვადასხვა მცირე ეთნიკური ჯგუფებისაგან შემდგარი ხალხიც.
აღმოსავლეთისანი– ჩასკვნილები და შავგრემანები არიან; დასავლელები ტანადნიმ ხშირად ქერათმიანი და ცისფერთვალიანები არიან. ხასიათებიც განსხვაბეული აქვთ…“ /ნ. ბრაილაშვილი/.
დასავლეთ საქართველო: მარცხნიდან მარჯვნივ: 1-2 მეგრელები და გურულები, 3-6 იმერლები და 8-9 აჭარლები ეროვნულ სამოსში.
1-2– მაღალმთიანი რაიონები (მარცხნიდან მარჯვნივ) თუშები, 3-6 ხევსურები, 7-სვანი, 8-10 რაჭველები.
აღმოსავლეთ საქართველო (მარცხნიდან მარჯვნივ): 1- ქართლელი გლეხი, 2 – მოქალაქე ხელოსანი, 3- მოქალაქე ვაჭარი , 4-7 – მაღალი წოდების ქართლელები და კახელები, 8–9 ინგილოები.

ტრადიციების თავისებურება

ხშირად ტრადიცია ძველდება და თანამედროვეობას ვეღარ უწყობს ფეხს. ხდება მათი გაუფასურება და უარეს შემთხვევაში მათი გაქრობაც კი, რაც ადამიანებში სრულ ქაოსს იწვევს. დღესრეობით საზოგადოება რამდენიმე ფენად იყოფა. ახალგაზრდა თაობა უარყობს ხოლმე ტრადიციების არსებობის აუცილებლობას, თუმცა ეს საერთო აზრზე არ მოქმედებს. საქართველოს კულტურა, უძველესი დროიდან ტრადიციებითა და საკუთარი თავისებურებით გამოირჩეოდა, რითაც ქართველები თავს საუკეთესოებად მივიჩნევთ. მაგრამ ისმის კითხვა:
-აუცილებელია თუ არა ამდენი მოძველებული ტრადიციის არსებობა, რომლის წარმოშობის შესახებ, შეიძლება არც კი ვიცოდეთ?
- ქართული ტრადიციები გვჭირდება და აუცილებლობაცაა. თუმცა ის უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს, თანამედროვეობას და ცივილიზაციას უნდა მოერგოს. ამ ფორმაში და ამ სტანდარტებში მყოფი ტრადიციები ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს და მის მომავალს დაობებით ემუქრება.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენ ტრადიციებს, ძალიან ჩახლართული ამბავია, გამომდინარე იქედან რომ ამ მცირე კვადრატულ კილომეტრზე სხვადასხვა (მაგრამ ერთმანეთის მასგავსი) კულტურები და ტრადიციები არსებობს. ამას ემატება ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. გარშემორტყმული ვართ რადიკალურად განსხვავებული მეზობლებით და საუკუნეების განმავლობაში მათგან ნასესხები და შერეული ტრადიციების ფორმა არის ჩამოყალიბებული სწორედ საქართველოში.
სამწუხაროდ ამის გადარჩევა, ერთი ხელის მოსმით შეუძლებლია. ისტორიკოსების, ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების ჩარევააა საჭირო. თუ კი ერს დაანახებ, ესა თუ ის კონკრეტული ტრადიცია საიდან მოდის და რის შედეგად განვითარდა იგი, ერი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას შეინარჩუნოს თუ არა ეს ხსენებული. ძალით ტრადიციის განდევნა გამოიწვევს უკუეფექტს. არ უნდა დააძალო ხალხ ტრადიციის გადაგდება. საზოგადოების ცნობიერება თავისით უნდა მომწიფდეს ამ პროცესისთვის და მერე თვითონ, თავისი ნებით იტყვის იმ ტრადიციაზე უარს რომელიც მის განვითარებას აფერხებს.
მეორე უარყობითი აქვს განხილვა გამოძიებას, ის რომ გაშიფვრის შემთხვევაში შესაძლოა ერმა მიიღოს საშინელი შოკი, რადგან ის აღმოაჩენს რომ ტრადიციები, რომელსაც მას გააჩნია, ალბათ 80%-ზე მეტი გადმოღებული სხვა ერებიდან (მითუმეტეს თუ მისი უმეტეს ჩვენი ისტორიული მტრების რუსებისა და მუსლიმებიდანაა აღებული) და ის რაც ქართულია დარჩენილი ალბათ 20% არ არის საკმარისი მასა მისი მომავალში არსებობისთვის. ერის მიერ ამის აღმოჩენამ, შეიძლება გარკვეულწილად ქაოსიც გამოიწვიოს, ვინაიდან იმას რასაც ვიცავდით ამდენი ხნის განმავლობაში, ის რაც ჩვენი წინაპრების დანატოვარი გვეგონა, შეიძლება სხვა ქვეყნების ტრადიციების გადმონაშთად მოგვევლინოს და ამან სრული დარტყმა გამოიწვიოს საზოგადოებაში.
რაც შეეხება ქართულ ტრადიციებს, სამწუხაროდ უმეტესი მათგანი მოძველებულია. ჩემი აზრით, დღევანდელი ქართული ღირებულებები სხვენში ატანილი სკივრს გავს, სადაც წლების მანძილზე განურჩევლად ყრიდნენ ყველაფერს, რაც კი სახლის პატრონებს ოდესმე შეუძენიათ. აქ უიმედოდ მოძვველებული სამოსიცაა, სხვათა გამონაცვალიც, ისეთიც, მცირეოდენი გადაკეთების მერე ახლისგან რომ ვერ გამოარჩევ და სულ ახალიც, მხოლოდ დაფერთხვა-გამომზეურებას რომ ელოდება. მაგრამ პრობლემა ეს არაა, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ სკივრის დალაგებას კი არ ვფიქრობთ, ის მაგრად გამოვკეტეთ და თუ ვინმე მის წესრიგში მოყვანას მაინც დააპირებს, მაშინვე იწყება ისტერიკა.
თუმცა ტრადიციებს რაღაც ღიებულებაც გააჩნია. მაგალითად უძველესი დროიდან მოყოლებული ტრადიცია, რომელსაც სტუმარ-მოყვარეობისას ვეძახით, ძველად სულ სხვანაირ ხასიათს ატარებდა, ახლა კი დროსთან ერთად, მისი ფუნქციაც შეიცვალა. ირკვევა, რომ ამ ტრადიციას ადრე უფრო ჯანსაღად უყურებდნენ, ვიდრე თანამედროვე საქართველოში. ცნობილი ამბავია, რომ მე-19საუკუნემდე სუფრაზე ღვინის უზომოდ სმა და მემთვრალეობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და კაცი, რომელიც სასმელში მხოლოდ გამოთრობის საშუალებას ხედავდა, საზოგადოებისათვის მისაღები არ იყო. მაგრამ რა ხდება დღეს? დღეს, ქართულ სუფრებზე ნამდვილი შეჯიბრია გამოცხადებული იმაზე, თუ ვინ უფრო მეტ ღვინოს დალევს და ბევრს ჰგონია, რომ სწორედ ესაა ნამდვილი და ღირებული ქართული ტრადიცია. ეს ტრადიციის ცვლილებას იწვევს და სამწუხაროდ მალე ეს იმდენად გაიდგამს ფესვებს თანამედროვეობაში, რომ ძველი და რეალური შეიძლება დავიწყებასაც კი მიეცეს.
ქართველები მუდამ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენში წარსულებს ყოველთვის პატივს სცემენ და საქართველოში ადამიანები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ გარდაიცვლებიან, ანუ სახეს იცვლიან.
ჩვენს ქვეყანაში ქელეხისა და ქორწილის სუფრებიც განსაკუთრებული ვიცით, დაწყებული სადღეგრძელოებითა და დამთავრებული მილოცვა-შესანდობრების მახვილსიტყვაობით. მაგრამ ქართველი რისი ქართველი იქნება, სუფრაზე ჩხუბის ამტეხი ან გამართული მუშტისკვეთების მსხვერპლი რომ არ გახდეს?! თუკი ქართულ სუფრასთან სადაც 10 კაცზე მეტი ზის, ჩხუბი ყოველ წუთშია მოსალოდნელი და ბევრი ისე შეეჩვია ამ ქართულ მარაზმს, რომ აღარც კი მოსწონთ ისეთი სუფრები, სადაც ყველაფერი მშვიდად, ე.ი. მოსაწყენად მთავრდება. ეს ტრადიციის შენარჩუნება კი არა გაუფასურებაა. მე ვფიქრობ რომ ქართული სუფრის ტრადიცია ჩხუბით რომ მთავრდება და ჭამა ყლაპვაზეა მხოლოდ გათვლილი სახეშეცვლილია ცუდისკენ. ტრადიციებისადმი ამგვარი დამოკიდებულება დღეს უცხო აღარ არის. როგორც ჩანს, ის რითაც ქართველები თავს ვიწონებდით მათთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქართველთა უმთავრესი ღირებულებები დროდადრო უფერულდება.
არავინ უარყოფს იმას, რომ სიახლეებს ფეხი არ უნდა ავუწყოთ და ერთ დონეზე დავრჩეთ, თუმცა, ევროპული სტანდარტების გათვალისწინება ისე უნდა შევძლოთ რომ ჩვენი "საკუთარი" არ დავკარგოთ, რადგან ხშირად უცხო ქვეყნიდან გადმოტანილ ტრადიციას სჯობს ისევ პირვანდელი სახე შევინარჩუნოთ და მის განმტკიცებას შევუწყოთ ხელი. მის შენარჩუნებაში კი უმთავრესი წვლილი ჯერ კიდევ ძველ თაობას შეაქვს, რომელსაც ტრადიციების და მათ შორის სტუმართმასპინძლობის არსი კარგად აქვს გაცნობიერებული.
ჰაიდეგერს აქვს ნათქვამი - "ტრადიცია ხშირად ფარავს იმას, რისი გადმოცემაც სურს" ანუ როცა ტრადიციას მსჯელობის გარეშე იღებ და არ აცნობიერებ, არ შლი, რას ნიშნავს ის, გარკვეულწილად ცნობიერება იკეტება და შესაძლებელია ასეთი ტრადიცია აღმოჩნდეს საკმაოდ მძიმე ტვირთი. არსებობს ასეთი ცნება- ტრადიციის დესტრუქცია, რომელიც იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა დავანგრიოთ, გადავაგდოთ, მოვსპოთ რაღაცა, ეს ნიშნავს, რომ გადავწმინდოთ ეს ტრადიცია იმისათვის, რომ დავინახოთ, რა იმალება საფუძველში. ამის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია ერად ჩამოყალიბება. ერად ჩამოყალიბება ნიშნავს იმას, რასაც ამბობდა ილია - ჩვენი არჩევანით ვქმნით არა მარტო მომავალს, არამედ ვირჩევთ წარსულსაც. წარსულიდან რაღაცის გაუცნობიერებლად აღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება, რომელიც არჩევანს კი არ აკეთებს, არამედ რაღაცას იღებს არჩევანის გარეშე.

ქართული ცეკვა



 ქართული ცეკვის ტრადიციას უდიდესი დროის გამოცდილება და ცოდნა უდევს საფუძვლად და დგესაც კი ჩვენ ცეკვებს ახალ ახალი და უფრო მრავალფეროვანი ცეკვები ემატება. ერთერთი თვალსაჩინო მაგალითი არის სუხიშვილების ანსამბლი რომელსაც ჩვენი სახელი გააქვს სხვადასხვა ქვეყნებში
აღსანიშნავია ისიც რომ ყველა ქართულ ცეკვას გააჩნია თავისი ჩაცმულობა და ეს გამოხატავს ქათრული ცეკვის მრავალფეროვნებას და ასევე იმასაც რომ ყველა საქართველოს კუთხეს აქვს თავისი ცეკვა

ქართული ტრადიციები

არსებობს დადებითი და უარყოფითი ტრადიციები.ერთი საზოგადოების წინსვლას ემსახურება,მეორე კი მძიმე ტვირთად აწევს საზოგადოებას.ტრადიციები არა მხოლოდ ალამაზებენ ადამიანის ცხოვრებას,არამედ ხელს უწყობენ ისტორიული ცნობების უკეთესად გაგებას.თითოეულ ერს საკუთარი და სხვებისაგან განსხვავებული ტრადიცია აქვთ, მაგრამ ქართული ტრადიცია გამოირჩევა თავისი სიძველითა და ორიგინალურობით. ხამგრძლივი ისტორიული განვითარების განმავლობაში ქართველმა ხალხმა შეიმუშავეს ცხოვრების საკუთარი წესი. შექმნეს მდიდარი ტრადიციები, ზნე-ჩვეულებები, ადათები, დღესასწაულები და თაობებს მემკვიდრეობით დაუტოვეს სამოქმედოდ.ტრადიციები დროის მიხედვით განიცდიდნენ ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, ქართველმა ერმა შეძლო შეენარჩუნებინა ტრადიციებისთვის პირვანდელი სახე, თუმცა უმნიშვნელო ცვლილებებით.

ქართველები გამოვირჩევით სხვადასხვა ტრადიციებით. ყველა კუთხისთვის არის დამახასიათებელი განსხვავებული წეს-ჩვეულებები.მაგ:რაჭული, სვანური, იმერული, მთიულური და ა.შ. დღემდე შემორჩენილი ტრადიციები,როგორიცაა სტუმარ-მასპინძლობის, ქორწინების, გლოვის,სუფრის, ვაზის და სხვა მრავალი,მეტად აქტუალურია და დგესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართველ საზოგადოებათა შორის.
საქართველო დიდი მემატიანით გამოირჩევა. ამიტომ მოხდა ისე რომ ძველი ტრადიციები მივიწყებას მიეცა. ასეთებია: ყეენობა,ჭონა, მამითადი,ძუძუმტეობა, ფიცვერცხლი,და სხვა მრავალი, რომელსაც ქართველი ისტორიკოსები აქტიურად იკვლევენ.



ქართველები ასევე გამოირჩევიან ქართული ტრადიციული სამოსით. რომელიც ხაზს უსვამს ქართული კულტურასა და სულზე. მამაკაცისა და ქალის სამოსზე სხვადასხვა კუტხეში ორნამენტებს ტავისი დატვირთვა გააცნია. მაგალითად: ხევსურეთში ქუდსა და სამოსზე გამოსახულია ჯვარი, რომელიც ხაზს უსვამს მათ რწმენაზე. ქალისთვის მანდილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იგი სისპეტაკეს უსვამს ხაზს.

ქართული ცეკვა გამოირჩევა თავისი ორიგინალურობიტ. ის ყველაზე კარგად გადმოგვცემს ქარტველი ერის ისტორიას. მაგალითად ხანჯლური ქართველი კაცის სივაჯკაცესა და სიმამაცის გამოვლინებაა. აქ ფარითა და მახვილით მამაკაცები ბრძოლის სცენას გვიხატავენ, სადაც ისინი სიმამაცით და ბრძოლოს ჯინიტ არიან აღსავსენი. ასევე არის ცეკვა ქართული, ხევსურული, სვანური, აჭარულუი, სამაია, ხორუმი, კინტაური,რაჭული, რომლებიც საკუთარი კუტხისთვის დამახასიათებელ სულს გვაჩვენებს. ეს ცეკვები ერთგვარი სიუჯეტია, რომლის კურებისას მაკურებელი კიტხულობს სათქმელს. ეს იქნება სატრფიალო თუ საბრძოლო.


ქართველი ერი გამოირჩევა რწმენის სიმტკიციტ. ამიტომ მათ ბევრი საეკლესიო დღეობა აქვთ. ასეთია მაგალითად მცხეთობა, ალავერდობა, სვეტიცხოვლობა, და სხვა მრავალი კუთხისათვის დამახასიათებელი. მცხეთობა ცარმოშობით არის წარმართული. მან მრავალ საუკუნეებს გაუძლო. განთავისუფლდა რიტუალური მხარისაგან და მიიღო ქრისტიანული სახე. საქართველოში ვაზს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მოვლის კულტურა საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია ღვინის დაყენების ტრადიცია. რომელსაც ერთგვარი სადღესასცაულო რიტუალის ფორმა ქონდა. ეს ბარაქის სიმბოლოდ ითვლება და ქართულ სუფრაზე მას დიდი ადგილი ეჭირა და კვლავაც აგძელებს აქტუალურობას. ქართული სუფრის ტრადიციები მრავალფეროვანია. ქარტველები დიდი მოწიწებით ექცევიან მას. ქარტულ სუფრისტვის დამახასიათებელია თამადა და ტრადიციული სადღეგრძელოები...