Sunday, January 27, 2013

სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები ხევში



სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები ხევში
(stumar-maspindzlobis tradiciebi xevshi)
სტუმარ-მასპინძლობა ეთნოგრაფიული თემატიკიდან ყოფის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის დღემდე ცოცხლად მოქმედი, თუმცა ახალი ეპოქის მოთხოვნილების შედეგად ტრანსფორმირებული წესი.
მოხევეთა ცხოვრებაში, ისევე როგორც ზოგადად ქართველ ხალხში, პიროვნების პირადი ღირსებისა და ოჯახის თუ გვარ-შთამომავლობის ავტორიტეტის შექმნილ ფაქტორებს შორის სტუმართმოყვარეობასაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება. “სტუმარშინშეუყვანელი” კაცი ხალხის თვალში დამცირებული იყო და ეს თვისება სასაყვედუროდ ითვლებოდა.
სტუმართმოყვარეობა, როგორც ადამიანის ღირსების ერთ-ერთი გამოხატულება, მოითხოვდა მოქმედი ეტიკეტის დაცვას, სტუმრისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას. ამაში იგულისხმებოდა საუკეთესო საჭმელ-სასმელის მირთმევა, გართობა, დაძინება, იარაღის საიდუმლოდ შენახვა და ცხენის კვება. სტუმრის მიერ რაიმე საქმის გაკეთება ან მასპინძლის მაგივრად მისი სადმე გაგზავნა დაუშვებელი იყო. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა სტუმრად ყოფნის ხანგრძლივობას და არც სტუმრის ვინაობას. ის მასპინძლის მეგობარიც რომ ყოფილიყო, საოჯახო საქმეში მისი ჩართვა სტუმარ-მასპინძლობის ნორმების დარღვევად ითვლებოდა.
ხევში დღემდე შენარჩუნებული ჩვეულების მიხედვით ოჯახში მომსვლელი მეზობელი, თუ სხვა სოფლის ან კუთხის მკვიდრი, რომელიმე მამაკაცის სახელს დაიძახებს. უმამაკაცო ოჯახშიც კი მიუღებელია ქალის სახელის დაძახება. ის, რაც დღემდე სრულდება და უშუალო დაკვირვებით შეიძლება აღვიქვათ, კიდევ უფრო მტკიცედ დაცული იყო წარსულში.
ტრადიციულად უფრო მიღებული იყო ოჯახის უფროსის სახელის შეკივლება ან ბავშვის შეგზავნა.
სტუმრების მიღება ოჯახის უფროსის ფუნქციას შეადგენდა, ხოლო სამყოფოში (სახლის მთავარ განყოფილებაში), სადაც კერა იყო მოწყობილი, მისალმება-მოკითხვების უფლებით სარგებლობდა რძლებს შორის უფროსი დიასახლისიც. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ასეთი სიტუაცია დამახასიათებელი იყო დიდი ოჯახისათვის, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა.
მცირერიცხოვან ოჯახში სტუმრის მიღებასა ზემოხსენებული წესის დაცვით სრულდებოდა და მიმღების როლში ოჯახის უფროსი ფიგურირებდა. ასეთ ოჯახში მისულ სტუმარს აუცილებლად შემოეგებებოდა ოჯახის უფროსი, სახლში შეიყვანდა, სკამზე დაჯდომას შესთავაზებდა.
სტუმარს მასპინძელი ხონჩასთან მიიწვევდა. ხონჩა ერქვა მცირე ზომის სამფეხა მაგიდას — სუფრას, რაც გამოიყენებოდა როგორც ოჯახის წევრის, ისე სტუმრის დასაპურებლად.
მოხევეები მასპინძლის მოვალეობას იმის ღრმა რწმენით ასრულებდნენ, რომ “სტუმარი ღვთისაა”, ხოლო მასპინძელი მარტოოდენ ერთი ოჯახი კი არაა, არამედ ყველა ნათესავი და მეზობელი, მთელი სოფელი. ბავშვობიდანვე ამ შეგნებით შთაგონებული მოხევე თავს ვალდებულად თვლიდა სოფელში მოსული უცხო კაცისთვის მისალმებისთანავე მასპინძლობა შეეთავაზებინა.
სტუმრის მიღება და დაცვა, უწმინდეს საზოგადოებრივ მოვალეობად ითვლებოდა. მასპინძელს სტუმრის შენახვა ისეთ ვითარებაშიც ევალებოდა, როდესაც უკანასკნელი დევნილი იყო მოსისხლე მტრის ან დამსჯელი ორგანოებისაგან.
სტუმრად მყოფი კაცი მასპინძლის სანათესაოს მტერიც რომ აღმოჩენილიყო, სახლიდან მშვიდობიანად უნდა გაეცილებინა.
ხევის მცხოვრებთათვის დაუშვებელი იყო თემიდან მოკვეთილის სტუმრად მიღება.

No comments:

Post a Comment